0-13 კგ-მდე სამგზავრო სავარძელი ახალშობილს პირველივე მგზავრობისას სჭირდება. ის საუკეთესოდ ერგება პატარას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მგზავრობისას.

როდის უნდა შეცვალოთ კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი?

გადის თვეები, ჩვილი იზრდება და ჩანს, რომ სამგზავრო სავარძლის დეტალები აღარ ერგება მას, ღვედები კი მხრების ქვემოთ აქვს გატარებული. მშობელი იწყებს ფიქრს, რით ჩაანაცვლოს კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი.

თუ ბავშვი ფეხებით სცდება სამგზავრო სავარძელს, ეს არ შეიძლება გახდეს მისი შეცვლის მიზეზი.

ფოტოზე ბავშვის ფეხები ავტომანქანის სავარძელს ეხება, რაც ბევრი მშობლისთვის სამგზავრო სავარძლის შეცვლის საბაბი ხდება.
ერთი შეხედვით ბავშვი არაკომფორტულად ზის და არ ეტევა სამგზავრო სავარძელში. პატარები უფროსებზე მოქნილები არიან და სულაც არ გრძნობენ თავს ცუდად ამ პოზიციაში. თუ ბავშვი ფეხებით სცდება სამგზავრო სავარძელს, ეს არ შეიძლება გახდეს მისი შეცვლის მიზეზი.

ამ კატეგორიის სამგზავრო სავარძლების უმეტესობას აქვს რბილი დამატება და რეგულირებადი ღვედები. ბავშვის ზრდასთან ერთად ამოღეთ სავარძლიდან დარბილება, ხოლო ღვედები გაატარეთ ზედა ჭრილში, მხრების სიმაღლეზე.

როცა ბავშვის წონა და სიმაღლე მიუახლოვდება ინსტრუქციაში მითითებულ ზედა ზღვარს, დროა, სამგზავრო სავარძელი გამოცვალოთ.

ხშირად ბავშვების სიმაღლე უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე წონა, მაგრამ სამგზავრო სავარძელს მხოლოდ წონის ლიმიტი აქვს დატანილი კორპუსსა და ინსტრუქციაში. ამ შემთხვევაში გაზომეთ შუალედი ბავშვის თავსა და საზურგის ბოლო წერტილს შორის – მანძილი თუ 2,5 სმ. ან ნაკლებია, დროა, შეცვალოთ სამგზავრო სავარძელი.

რით ჩაანაცვლოთ კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი?

ახალშობილისთვის განკუთვნილი სამგზავრო სავარძელი მარტივი ასარჩევია და არ გვხვდება წონის ლიმიტის ბევრი ვარიაცია, სხვა კატეგორიის სამგზავრო სავარძლებში ასე არ არის.

შემდეგი კატეგორიის სამგზავრო სავარძლებში წონის ლიმიტები ასეთია: 0-18 კგ-მდე, 9-18 კგ-მდე, 0-25 კგ-მდე, 9-25 კგ-მდე, 0-36 კგ-მდე, 9-36 კგ-მდე, 0-45 კგ-მდე და ა. შ.

ბავშვის წონის და სიმაღლის გათვალისწინებით სწორი კატეგორია შეიძლება იყოს 0-18 ან 0-25 კგ-მდე წონის შესაბამი სამგზავრო სავარძლები. შეგიძლიათ შეარჩიოთ 0-30, 0-36 ან 0-45 კგ-მდე სამგზავრო სავარძლებიც.

სამგზავრო სავარძლები ქვედა ზღვრით 0 კგ-დან, მაგრდება მოძრაობის საპირისპიროდ მინიმუმ 13 კგ-მდე მაინც. ეს მაჩვენებელი შესაძლებელია იყოს 18 კგ-მდეც სამგზავრო სავარძლის ინსტრუქციის, ბრენდისა და მოდელის გათვალისწინებით. გირჩევთ, შეიძინოთ სამგზავრო სავარძელი, რომელიც დიდხანს მაგრდება მოძრაობის საპირისპიროდ.

უმჯობესია ბავშვის წონა მეტი იყოს სამგზავრო სავარძლის წონის ლიმიტის ქვედა ზღვარზე. საუკეთესო არჩევანია სამგზავრო სავარძლები წონის ლიმიტით 0 კგ-დან.

კატეგორიულად არ გირჩევთ კალათის ფორმის სამგზავრო სავარძლის 9-36 კგ-მდე სამგზავრო სავარძლით ჩანაცვლებას!

მიზეზი რამდენიმეა:

  • მაგრდება მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით,
  • თითქმის ყველას აქვს უძრავი საზურგე,
  • აქვთ მაღალი თავის დასადები და ნაკლებად რეგულირებადი დეტალები.

0-13 კგ-მდე სამგზავრო სავარძლები შედარებით მსუბუქი და მცირე ზომისაა, ამის გათვალისწინებით გაზომეთ თქვენი ავტომანქანის სავარძლები, შიდა სივრცე და გაითვალისწინეთ ეს მონაცემები შერჩევისას, რომ შეძლოთ ახალი სამგზავრო სავარძლის სწორად დამაგრება ავტომანქანაში.

შეარჩიეთ ახალი, სერთიფიცირებული და ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის შესაბამისი სამგზავრო სავარძელი და გამოიყენეთ ყოველი მგზავრობისას!

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *