2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა 17 მცირეწლოვანი, დაშავდა 465 ბავშვი.
ჩვენი ქვეყნისთვის ეს რიცხვები კოლოსალურია.
რატომ გვაქვს ასეთი საგანგაშო სტატისტიკა?
მიზეზი ისაა, რომ ხშირად მშობლები სრულიად გაუზარებლად აგდებენ მცირეწლოვანს საფრთხეში, როცა მგზავრობისას არ იცავენ უსაფრთხოების წესებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი, რაც პატარას ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებისგან დაიცავს არის სპეციალური, მისი წონისა და სიმაღლის მიხედვით შერჩეული სამგზავრო სავარძელი.
ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში დიდი ხანია კანონითაა აკრძალული ბავშვების ავტომანქანით გადაადგილება სპეციალური სავარძლის გარეშე. ქვეყნებში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ბავშვთა რიცხვი მცირეა, სავალდებულოა პირველივე დღიდან, სამშობიარო სახლიდან ბავშვის გამოყვანა სამგზავრო სავარძლით, რომლის დამაგრებისა და გამოყენების სისწორეს იქვე ამოწმებენ.
ამ კუთხით აშშ კარგი მაგალითია.

წარწერა ნიუ-იორკის Presbyterian Brooklyn Methodist Hospital-ში, რომელიც მშობლებს მოუწოდებს, გაწერისას თან ჰქონდეთ სამგზავრო სავარძელი.

გაწერამდე ამოწმებენ სამგზავრო სავარძელს, რამდენად სწორად ზის ბავშვი და კარგად აქვს თუ არა დაფიქსირებული ყველა დეტალი, განსაკუთრებით ღვედები.
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?
კანონში საგზაო მოძრაობის შესახებ ვკითხულობთ:

“მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია ბავშვის სამგზავრო სავარძლით ან მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. აღნიშნული მგზავრი ვალდებულია ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთ მგზავრს კალთაში ერთზე მეტი ბავშვი ეჯდეს.”


ეს ნიშნავს, რომ მშობელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მგზავრობისას შვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. იმის გარდა, რომ კანონი მხოლოდ რეკომენდაციას შეიცავს სამგზავრო სავარძლის გამოყენების შესახებ, ის არაფერს გვეუბნება 3 წელზე უფროსი ბავშვების შესახებ. როგორ უნდა იმგზავრონ მათ? რა წესები დაიცვან? სჭირდებათ თუ არა სამგზავრო სავარძლის გამოყენება და რა ასაკამდე?
ამაზე კანონი დუმს. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი აცნობიერებს, რამდენად დაუცველია ბავშვი ავტომობილში, როდესაც ღვედს ვერც სწვდება და მცირე ძალით შეჯახების დროსაც კი შეიძლება დაშავდეს.
0-დან 12 წლამდე ბავშვების ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანისას აუცილებელია სამგზავრო სავარძლის გამოყენება, რომელიც იქნება სწორად დამაგრებული და მორგებული.
12 წლამდე, მანამდე სანამ ბავშვი ძალიან პატარაა, რომ უსაფრთხოების ღვედი სწორად დაიფიქსიროს, აუცილებელია სამგზავრო სავარძლის გამოყენება. შეუძლებელია, 5 წლის ბავშვს სწორად დაუმაგროთ უსაფრთხოების ღვედი, ის მხრისა და გულ-მკერდის ნაცვლად ნიკაპზე დაფიქსირდება, რაც ძალიან საშიშია, რადგან არასწორად დაფიქსირებულმა ღვედმა ავტოსაგზაო შემთხვევისას შესაძლოა შინაგანი ორგანოები დააზიანოს.
განსაკუთრებით დაუცველები არიან ახალშობილები, რომლებიც მგზავრობისას ზრდასრულების კალთაში სხედან ყოველგვარი დამცავი მექანიზმია გარეშე, რადგან მათი ხერხემალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ავტოსაგზაო შემთხვევისას მათი დაშავების რისკი დიდია.
სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი, რომელიც კარგად მორგებული და სწორად დამონტაჟებულია ავტომანქანაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას 70-80%-ით იცავს ბავშვს.

სამგზავრო სავარძელი პატარას პირველივე დღეებიდან სჭირდება და მის ზრდასთან ერთად უნდა შეცვალოთ შესაბამისი წონისთვის განკუთვნილი სავარძლით. სამგზავრო სავარძელი, ან ასამაღლებელი ბალიში(Booster), ბავშვს 12 წლამდე დასჭირდება. სავარძლის შეძენისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის სიმაღლე და წონა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით იყოფა სამგზავრო სავარძლები ჯგუფებად: 0+ ჯგუფი – 0-13კგ. (12-15 თვემდე), 1 ჯგუფი – 9-18კგ. (1-3წლამდე), 2 ჯგუფი – 15-25კგ. (3-7წლამდე), 3 ჯგუფი – 25-36კგ( 7-12 წლამდე).

შესაბამისი ჯგუფისა და კარგად მორგებული სავარძლის შეძენა უსაფრთხო მგზავრობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სავარძლის საიმედოდ დამაგრება და მასში ბავშვის სწორად ჩასმა.
სამგზავრო სავარძლების ნაწილი მაგრდება ღვედით, ნაწილი აისოფიქსით, ზოგ მათგანს კი ორივე სამონტაჟო სისტემა აქვს. ყურადღებით წაიკითხეთ სამგზავრო სავარძლის ინსტრუქცია და შესაბამისად დაამონტაჟეთ ავტომანქანაში. მნიშვნელოვანია, სავარძლის ღვედები ბრტყლად და სწორად, რაც შეიძლება კარგად დაჭიმოთ, თავის დასადები კი სწორად იყოს მოთავსებული.
2 წლამდე ბავშვები მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ისხდნენ სავარძელში, ეს დაიცავს მათ დაშავებისგან. ავარიისას, დარტყმის სიმძლავრე გადანაწილდება მთლიან სხეულზე და არ დაუზიანებთ თავს, ხერხემალს ან კისერს.
კვლევებმა ცხადყო, რომ ჯდომის ეს პოზიცია ბავშვებში დაახლოებით 75%-ით ამცირების დაშავების ან სიკვდილიანობის მაჩვენებელს. სასურველია მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ბავშვები რაც შეიძლება მეტხანს ისხდნენ, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები მოითხოვენ პოზიციის შეცვლას.შეგიძლიათ, 2 წლიდან ბავშვი სახით წინ დასვათ სავარძელში, წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით.

საუკეთესო ხარისხის სამგზავრო სავარძელიც კი ვერ დაიცავს ბავშვს, თუ ის არასწორადაა დამაგრებული ან სავარძლის დეტალები (ღვედები, თავის დასადები ბალიში) არასწორადაა დაფიქსირებული. სწორედ ამიტომ, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის არამარტო სწორი კატეგორიის, ტესტირებული სამგზავრო სავარძლის გამოყენებაა მნიშვნელოვანი, არამედ, მისი სწორად დამაგრება და გამოყენებაც.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *