თუ ავტომობილი არ გყავთ და ბავშვთან ერთად ხშირად მგზავრობთ ტაქსის საშუალებით, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვისაა, ეს ბლოგი არის მათთვის, ვინც ერთხელ მაინც იმგზავრებს ბავშვებთან ერთად ტაქსის საშუალებით, მანძილს მნიშვნელობა არ აქვს.

ბავშვის უსაფრთხოება მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხო საკვები, მედიკამენტები და სათამაშოები რომ საკმარისი არ არის, ამაზე სხვა ბლოგშიც ვისაუბრეთ. ბავშვმა რომ უსაფრთხოდ იმგზავროს, ამისთვის საჭიროა სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კანონი არ ავალდებულებს მშობლებს გამოიყენონ სამგზავრო სავარძელი, ბევრი მათგანი საჭიროდ არ მიიჩნევს შეიძინოს და გამოიყენოს იგი, მით უფრო საჭიროდ არ მიაჩნიათ ტაქსის კომპანიებს.

ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, დავუკავშირდით ტაქსის ცნობილ კომპანიებს, რომელთა გამოძახება შესაძლებელია თბილისში და ვთხოვეთ შეერჩიათ ტაქსი სამგზავრო სავარძლით, თუმცა მათ გვითხრეს, რომ, სამწუხაროდ, სამგზავრო სავარძელს არ იყენებენ. ეს კომპანიებია: „ბოლტი“, „რენო ტაქსი“, „მაქსიმი“, „ტაქსი პრიუსი“, „ტაქსი 200-200“, რაც შეეხება იანდექს ტაქსს, მათ ჩვენს კითხვაზე ბუნდოვანი პასუხი გაგვცეს და გვითხრეს, რომ როცა გამოვიძახებთ ტაქსს, შემდეგ უნდა დავურეკოთ მძღოლს და ვკითხოთ, ხომ არ აქვს სამგზავრო სავარძელი, კომპანია მათ არ ავალდებულებს იქონიონ სამგზავრო სავარძელი და არც ფლობს ინფორმაციას ამის შესახებ. იმის ალბათობა, რომ თქვენ მიერ გამოძახებულ მძღოლს სამგზავრო სავარძელი ჰქონდეს, მით უფრო თქვენი შვილის წონის, ასაკისა და სიმაღლის მიხედვით სწორად შერჩეული, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში ტაქსით მგზავრობა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ბავშვი მშობელს ან მუხლებზე ჰყავს მოთავსებული, ან გვერდით ავტომობილის სავარძელზე ზის, ან უკანა სავარძელზე არსებული ღვედით ჰყავს შეკრული. თუ თქვენ ასე მგზავრობთ, სამივე შემთხვევაში რისკავთ თქვენი შვილის სიცოცხლეს, რადგან მუხლებზე დასმული ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უფრო დიდ საფრთხეშია, მკვეთრი დარტყმის შედეგად, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ტალღით გადაისროლოთ ბავშვი წინ, საფრთხე ემუქრება თქვენ გვერდით  მჯდომ ბავშვსაც,  რადგან დარტყმის შედეგად, ის ასევე, შესაძლოა, წინ გადავარდეს, მიიღოს დაზიანებები, მათ შორის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. რაც შეეხება ბავშვის ღვედით დამაგრებას, თუ კი იგი 12 წლამდეა, მისი სიმაღლე კი არ არის შესაბამისი სარეკომენდაციო სიმაღლესთან,  თქვენ საფრთხეს უქმნით ბავშვს, რადგან ღვედი, რომელიც მას მკერდთან უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ შემთხვევაში,  ექნება კისერთან , რამაც შესაძლოა, დარტყმის დროს, გაგუდოს ბავშვი.

თუ თქვენ დაძაბული კითხულობთ ამ ყველაფერს, გეშინიათ და ფიქრობთ, სად არის გამოსავალი, გამოსავალი პირველ რიგში კანონის გამკაცრებაშია, როდესაც ვალდებული იქნება ყველა მშობელი და ტაქსის კომპანიაც, რომ გამოიყენონ სამგზავრო სავარძელი, თუმცა იქამდე მშობლებმა და საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავადვე იზრუნოს შვილების უსაფრთხოებაზე.

მოთხოვეთ ტაქსის კომპანიებს სამგზავრო სავარძლები, მოთხოვნის შედეგად გაჩნდება მიწოდებაც და მათი უმეტესობა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შემოგთავაზებენ, უკიდურეს შემთხევაში კი იმგზავრეთ თქვენი სავარძლით, რაც არაკომოფრტულია, (5-10 კგ-მდეა სავარძელი) მაგრამ უსაფრთხო.

ევროპის ბევრ ქვეყანაში ტაქსის კომპანიები, თუ მათ გადაჰყავთ ბავშვი (0-12 წლამდე) ვალდებული არიან, ჰქონდეთ სამგზავრო სავარძელი, ისინი ამის შესახებ აპლიკაციის საშუალებით ატყობინებენ მშობლებს, თუმცა დაინტერესებულ პირს შეუძლია, წინასწარ მოიძიოს ინფორმაცია, თუ რომელი ტაქსია ბავშვისთვის უსაფრთხო.

თუ თქვენი სამგზავრო სავარძლით მგზავრობთ, ტაქსის მძღოლი კი ვერ ითმენს და ბრაზობს, რომ დიდ დროს აკარგვინებთ, დატოვეთ უკანა კარები ღია, სანამ არ დაამონტაჟებთ სავარძელს, არ ჩასვათ ბავშვი და არ დახუროთ მეორე კარი, ამასთან, ნახეთ ვიდეოები, როგორ დაამონტაჟოთ სამგზავრო სავარძელი სწრაფად, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლოთ მისი დამონტაჟება.

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

#გამოიყენეთსამგზავროსავარძელი

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *