საუკეთესო ხარისხის სამგზავრო სავარძელიც კი ვერ დაიცავს ბავშვს, თუ ის არასწორადაა დამაგრებული ან სავარძლის დეტალები (ღვედები, თავის დასადები ბალიში) არასწორადაა დაფიქსირებული. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის არამარტო სწორი კატეგორიის, ტესტირებული სამგზავრო სავარძლის გამოყენებაა მნიშვნელოვანი, არამედ, მისი სწორად დამაგრება და გამოყენებაც,ამის შესახებ ჩვენ გვერდზე უამრავ პოსტს შეხვდებით.
ეს ბლოგი ერთგვარი შეჯამებაა იმ  ინფორმაციის, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში გიზიარებდით სამგზავრო სავარძლების სწორად გამოყენების შესახებ.

სამგზავრო სავარძლის შეძენის შემდეგ ბევრი მშობლისთვის რთული ამოცანაა მისი სწორად დამაგრება ავტომანქანაში. აისოფიქსის სამონტაჟო სისტემა უფრო მარტივი დასამაგრებელია, ღვედები კი ხშირად აბნევთ მშობლებს.

როგორ უნდა დაამაგროთ სამგზავრო სავარძელი?

ამის შესახებ უამრავ ვიდეოს ნახავთ, სასურველია თუ სწორედ იმ ბრენდისა და მოდელის შესახებ გადაღებული ვიდეოთი იხელმძღვანელებთ, რომლის დამაგრებასაც ცდილობთ. გახსოვდეთ, რომ სამგზავრო სავარძელი მყარად უნდა იყოს დამაგრებული ავტომანქანაში და უსაფრთხოების ღვედები კი სწორად და ბრტყლად დაფიქსირებული.

მას შემდეგ, რაც ბავშვს სამგზავრო სავარძელში ჩასვამთ, შიდა ღვედები (harness) მჭიდროდ და სწორად შეკარით.

 ღვედების სიმჭიდროვის შესამოწმებლად გამოგადგებათ ე. Წ. Pinch Test.

შეკრულ ღვედს მოუჭირეთ ხელი და ეცადეთ მოკეცოთ.
თითებს ერთმანეთთან ვერ აახლოვებთ? ამ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მჭიდროდ შეგიკრავთ ღვედი. თუ ღვედი ადვილად მოიკეცა თითებს შორის, კიდევ უნდა დაჭიმოთ. გახსოვდეთ, რომ შიდა ღვედების მჭიდროდ შეკვრა და სწორად დაფიქსირება აუცილებელია პატარას უსაფრთხო მგზავრობისთვის.

მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ღვედები ბრტყლად და სწორად, რაც შეიძლება კარგად დაჭიმოთ, თავის დასადები კი სწორად იყოს მოთავსებული, რათა ავტოსაგზაო შემთხვევისას პატარას თავი და კისერი არ დაუზიანდეს.

2 წლამდე ბავშვები მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ისხდნენ სავარძელში, ეს დაიცავს მათ დაშავებისგან. ავარიისას, დარტყმის სიმძლავრე გადანაწილდება მთლიან სხეულზე და არ დაუზიანებთ თავს, ხერხემალს ან კისერს.
კვლევებმა ცხადყო, რომ ჯდომის ეს პოზიცია ბავშვებში დაახლოებით 75%-ით ამცირების დაშავების ან სიკვდილიანობის მაჩვენებელს. სასურველია მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ბავშვები რაც შეიძლება მეტხანს ისხდნენ, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები მოითხოვენ პოზიციის შეცვლას.შეგიძლიათ, 2 წლიდან ბავშვი სახით წინ დასვათ სავარძელში, წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით.

ხშირად, რეკლამაში ვხედავთ – რა მარტივად სვამს დედა ბავშვს სამგზავრო სავარძელში, ის კი ბედნიერია და იღიმის. სამწუხაროდ, რეალობა ზოგჯერ განსხვავებულია. პატარები ხშირად აპროტესტებენ სამგზავრო სავარძელში ჯდომას, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობენ, რაც მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა.
თუ სამგზავრო სავარძელს დიდი ხანი არ არის რაც იყენებთ და თქვენი პატარა მის დანახვაზეც კი ტირის, შეგიძლიათ სპეციალური სავარძლით მგზავრობისას: მისცეთ ფავორიტი სათამაშო, ჩართოთ მისი საყვარელი სიმღერა, გაართოთ და ყურადღება სასიამოვნო და საინტერესო რაღაცებზე გადაატანინოთ. არსებობს აქსესუარები და სათამაშოები, რომლებიც სწორედ იმისთვისაა განკუთვნილი, რომ პატარამ სამგზავრო სავარძელში არ მოიწყინოს.

თუ ყველა მეთოდი სცადეთ, მაგრამ  პატარა ისევ ტირის და ბრაზობს, ეცადეთ სწრაფად დაბრუნდეთ სახლში, მაგრამ მცდელობა არ შეწყვიტოთ. ხშირად გაასეირნეთ ავტომობილით სამგზავრო სავარძელში მჯდომი ბავშვი მცირე დროის განმავლობაში მაინც და თქვენი პატარა სულ მალე უსაფრთხოდ და მშვიდად იმგზავრებს.

ცივ დღეებში მშობლები განსაკუთრებით თბილ ტანსაცმელს ვაცმევთ ბავშვებს, გვიახლოვდება ზამთარიც, როცა პატარებს თბილ ქუდისა და უზარმაზარ ქურთუკიდან მხოლოდ თვალები უჩანთ.

იცოდით, რომ სამგზავრო სავარძელში სქელი ქურთულით ბავშვის ჩასმა დაუშვებელია?

სქელი ქურთუკი ხელისშემშლელია ღვედების მჭიდროდ დაფიქსირებისას, შედეგად კი ბავშვი სრულიად დაუცველი რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.
გახსოვდეთ, რომ სამგზავრო სავარძელი, ავტოსაგზაო შემთხვევისას, სიკვდილისა და დაშავების შესაძლებლობას ჩვილებში დაახლოებით 70%- მდე, ხოლო ბავშვებში 54%-დან 80%-მდე ამცირებს.

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *