ყველა მშობელს სურს მისი შვილი უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობდეს. ისინი იყენებენ სამგზავრო სავარძელს, აზუსტებენ როგორ დააფიქსირონ დეტალები და ცდილობენ დაიცვან წესები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, ბავშვმა რაც შეიძლება მეტი ხნით იმგზავროს სახით საბარგულისკენ მიმართულმა.

რა მონაცემები უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბავშვს სამგზავრო სავარძელში მოძრაობის მიმართულებით ჩასვამთ ECE R44 რეგულაციის მიხედვით?

ECE R44/04 რეგულაციის მიხედვით სამგზავრო სავარძელი შეგიძლიათ წინ მოაბრუნოთ, როცა ბავშვის წონა 9 კგ-ს მიაღწევს, მაგრამ ნუ იჩქარებთ, უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც მშობლები რაც შეიძლება დიდხანს ტოვებენ სამგზავრო სავარძლებს საბარგულისკენ მიმართულს. ამ რეგულაციის მიხედვით წარმოებული სამგზავრო სავარძლები 13 კგ-მდე მაინც მაგრდება მოძრაობის საპირისპიროდ.

რას ამბობს R129 (i-size) რეგულაცია?

R129 (i-size) რეგულაციის მიხედვით ბავშვმა 15 თვემდე მაინც უნდა იმგზავროს სახით საბარგულისკენ მიმართულმა, სანამ მისი სიმაღლე 76 სმ- არ მიაღწევს, რაც შეიძლება დიდხანს.

ზემოთ ჩამოთვლილია მინიმალური წონისა და სიმაღლის ზღვარი ორივე რეგულაციის გათვალისწინებით, მაგრამ ექსპერტთა აზრით ბავშვმა სამგზავრო სავარძლით სახით მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართულმა 0-დან 2 ან 4 წლამდეც უნდა იმგზავროს, რადგან ეს პოზიცია მეტად უსაფრთხოა.

რატომ ითვლება რომ სახით მოძრაობის საპირისპიროდ მიმართული ბავშვი უფრო უსაფრთხოდ მგზავრობს?

როცა ბავშვები სახით წინ, მოძრაობის მიმართულებით მგზავრობენ, ავტოსაგზაო შემთხვევისას დარტყმის სიმძლავრე მიმართულია ყველაზე მყიფე და სუსტი ნაწილისკენ, ხერხემლისა და კისრისკენ, რამაც შესაძლოა ბავშვის დაშავება გამოიწვიოს.
სამგზავრო სავარძლის მოძრაობის საწინააღმდეგო მმართულებით დამონტაჟება 75%-ით ამცირებს რისკს, რომ ბავშვს დაუზიანდება ხერხემალი, თავი ან კისერი ავტოსაგზაო შემთხვევისას, რადგან დარტყმის სიმძლავრე ნაწილდება მთელ სხეულზე.
ამის მიუხედავად, ბევრი მშობელი ნაადრევად ცვლის სამგზავრო სავარძლის მიმართულებას.

რა არგუმენტები აქვთ მათ?

“ბავშვი უკვე გაიზარდა იმისთვის, რომ სახით საბარგულისკენ მიმართულმა იმგზავროს.”

ფოტოზე 4 წლის გოგონა ზის სახით მოძრაობის საწინააღმდეგოდ, მისი სიმაღლე დაახლოებით 1 მ-ია, ხოლო წონა – 17 კგ-ზე ოდნავ მეტი. ბავშვი ზის 18 კგ-მდე წონის კატეგორიის სამგზავრო სავარძელში. ჩანს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და არც ფეხები უდევს მოუხერხებლად. .
შეგიძლიათ შეარჩიოთ სამგზავრო სავარძლები, რომლებიც დიდხანს მაგრდება მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.

“ბავშვს გრძელი ფეხები აქვს, ვერ ეტევა საბარგულისკენ მიმართული.”

ეს მიზეზი ერთ-ერთია, რომელიც ხშირად მოგვისმენია/წაგვიკითხავს. მშობლები ფიქრობენ, რომ შეუძლებელია ბავშვმა უსაფრთხოდ იმგზავროს, როცა ფეხები მოკეცილი აქვს.
სინამდვილეში ბავშვები ზრდასრულებზე მეტად მოქნილები არიან და ეს პოზიცია სულაც არ არის მათთვის საშიში ან მოუხერხებელი. ალბათ გინახავთ კიდეც, თამაშისას როგორ აქვთ ფეხები მოკეცილი. აზრი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შესაძლოა ამ პოზიციაში დაშავდნენ (ფეხის მოტეხილობა, ტერფის ღძობა) არასწორია. სტატისტიკის მიხედვით დაშავების მეტი რისკია, როცა ბავშვი სახით წინ მიმართული მგზავრობს.

“არასაკმარისი სივრცეა ავტომანქანაში.”

სამგზავრო სავარძლების ზომები განსხვავდება, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი, რომელიც ორივე მიმართულებით ადვილად მოთავსდება თქვენს ავტომანქანაში და ბავშვიც უსაფრთხოდ იმგზავრებს.

“ბავშვი აპროტესტებს სახით საბარგულისკენ მიმართულ მგზავრობას.”

სანამ გაიზრდებიან და შეძლებთ აუხსნათ, რატომ სჭირდებათ სამგზავრო სავარძელი, ბავშვები ხშირად აპროტესტებენ მასში ჩაჯდომას.
ენერგიულ პატარებს სულაც არ მოსწონთ, რომ დროის გარკვეული მონაკვეთი მჭიდროდ დაფიქსირებული ღვედებით უნდა გაატარონ, რომელიც არ აძლევთ საშუალებას ისე იმოძრაონ, როგორც სურთ. თუ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ვერ გხედავენ, ბრაზობენ. ასეთ დროს ესაუბრეთ, უმღერეთ და ეცადეთ მათთან კონტაქტი არ შეწყვიტოთ მგზავრობისას.

გიზიარებთ სამგზავრო სავარძლების ჩამონათვალს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ბავშვი რაც შეიძლება დიდხანს მგზავრობდეს მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართული ( 0-დან 2-4 წლამდე). ამ ბრენდების სამგზავრო სავარძლები საქართველოშიც ხელმისაწვდომია, მაგრამ არა – ყველა ჩამოთვლილი მოდელი.

  •  Graco –  Grows4Me, Extend 2 fit.
  • Chicco – Fit 4
  • Evenflo – EveryFit,  Everystage DLX
  • Cybex – Eternis S, Sirona Z i-Size, Sirona S i-Size
  • BeSafe – iZi Modular i-Size, iZi Kid X3 i-Size, iZi Combi X4 ISOfix, iZi Twist i-Size, iZi Plus X1, iZi Plus.

მშობლობა ნიშნავს მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილებები ბავშვისთვის, თუნდაც ის ვერ აცნობიერებდეს ამას. ხანგრძლივად მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ბავშვის მგზავრობა სწორედ ასეთი შემთხვევაა.


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *