რატომ არ შეიძლება მგზავრობის დროს 0-12  წლამდე ასაკის ბავშვის მუხლებზე დასმა?

ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილისთვის უსაფრთხო მგზავრობა შესაძლებელია თუ მშობელი ბავშვს მუხლებზე დაისვამს და მკლავებს ძლიერად შემოხვევს. მიუხედავად იმისა, რომ დედებს შვილების დაცვა და მათთვის ბევრი სირთულის თავიდან არიდება შეუძლიათ, მგზავრობის დროს შვილების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.

თუ ავტომობილი მოძრაობს ნელა, 40-60 კმ/ს სიჩქარით, ძლიერი/მყისიერი დამუხრუჭების დროს, ინერციის ძალით ადამიანის სხეულის წონა იზრდება და ამ დროს ბავშვის უსაფრთხოდ ხელში დაჭერის შანსი იმდენივეა, რაც 300 კილოგრამის სიმძიმის ერთდროულად ხელში დაჭერის. თქვენ ფიქრობთ, შეგიძლიათ ეს?

ამასთან, ბავშვის სხეული, მით უფრო ახალშობილების, ფორმირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირედმა დამუხრუჭებამაც, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას, დაიზიანოს ხერხემალი, თავი და ა.შ.

არ გარისკოთ თქვენი შვილის სიცოცხლე, რადგან ბავშვები გზებზე დაუცველები არიან თუ: ისინი სხედან 16 წლის ან უფრო დიდი ასაკის მოზარდის მუხლებზე, გულზე ჰყავთ მიკრული ან მკლავებზე; ისინი სხედან უკანა სავარძელზე შესაბამისი სამგზავრო სავარძლის ან უსაფრთხოების ღვედის გარეშე; თუ ისინი დგანან და გადაწოლილები არიან ფანჯრებიდან, სავარძლებიდან; ისინი სხედან წინა სავარძელზე ან მძღოლის მუხლებზე.

0-12 წლამდე ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძლის საშუალებით.

მგზავრობის დროს ბავშვს შეუკარით ღვედები, მანძილს მნიშვნელობა არ აქვს!

სამგზავრო სავარძლის გარეშე მგზავრობა რომ საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ამაზე არაერთხელ დავწერეთ და კვლავაც დავწერთ, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღება გვინდა, გავამახვილოთ სამგზავრო სავარძლის სწორად მოხმარებაზე, რადგან თუ კი არ ამაგრებთ სავარძელს ავტომობილში სწორად, ან ბავშვს არ უკრავთ ღვედებს, მაშინ ბავშვი ისევ საფრთხეშია, რადგან სამგზავრო სავარძლის ყიდვასთან ერთად აუცილებელია ყველა წესი დაიცვათ უსაფრთხოებისთვის!
აუცილებლად შეუკარით ბავშვს ღვედები, მანძილს არ აქვს მნიშვნელობა, სახლთან 10 მეტრით დაშორებულ ადგილზე მიდიხართ თუ – 100 კილომეტრით‼️
2011 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ ბავშვთა 33 % სწორედ იმიტომ დაიღუპა, რომ ისინი არ იყვნენ ღვედით დამაგრებული.
ღვედი შეჯახებისას იცავს ბავშვს, რათა არ ამოვარდეს სავარძლიდან და არ შეეჯახოს საქარე მინას, ან ფანჯრიდან არ გადავარდეს, არ მიიღოს სხეულის მძიმე დაზიანებები.
არ გარისკოთ, აუცილებლად გამოიყენეთ სამგზავრო სავარძელი 0-12 წლამდე ბავშვების ტრანსპორტირებისას, ამასთან, აუცილებლად სწორად დაამაგრეთ სამგზავრო სავარძელი ავტომობილში, შემდეგ კი ბავშვი აუცილებლად შეკარით ღვედებით

არ იჩქაროთ მოძრაობის თანახმად სამგზავრო სავარძლის დამაგრება

მოძრაობის საპირისპიროდ მგზავრობა მოძრაობის თანახმად მგზავრობაზე 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა.
არ იჩქაროთ სამგზავრო სავარძლების მოძრაობის თანახმად შემობრუნება, რაც უფრო დიდხანს იმგზავრებს ბავშვი მოძრაობის საპირისპიროდ,უფრო დაცული იქნება✅

დაგრეხილი ღვედები საფრთხეს უქმნის ბავშვს!

თუ სამგზავრო სავარძლის შიდა და ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები დაგრეხილია და არაა სწორად,მაშინ ის ვერ დაიცავს ბავშვს. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ღვედები იყოს გასწორებული, ისევე როგორც ფოტოზე, მარჯვენა მხარეს ხედავთ⬇️

ახალშობილის მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ სამგზავრო სავარძლის საშუალებით

ახალშობილისთვის ერთადერთი,უალტერნატივო, გამოსაყვანი საშუალება არის სამგზავრო სავარძელი (ქარსითი). ხშირად ნახავთ პოსტებს, “როგორ გამოვიყვანო ახალშობილი საავადმყოფოდან”? ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – სამგზავრო სავარძლის საშუალებით,რადგან სხვა ყველა საშუალება საფრთხეს უქმნის თქვენი შვილის სიცოცხლეს‼️

დაივიწყეთ სხვადასხვა ლამაზი,მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში კალათები,კონვერტები და ათასი სხვა საშუალება‼️ ის,რომ სამგზავრო სავარძელი ძვირია, არ შეესაბამება სიმართლეს,რადგან მათი ფასი სანდო მომწოდებლებთან 100ლარიდან იწყება,თქვენ მიერ შერჩეული კალათების ფასი კი ზოგჯერ 200ლარს აჭარბებს. ამასთან, ბავშვის უსაფრთხოება შეუფასებელია‼️

არასოდეს დატოვოთ ბავშვები ავტომობილში მარტო!

არასოდეს დატოვოთ ბავშვი ავტომობილში მარტო, არ აქვს მნიშვნელობა 5 წუთით აპირებთ საქმეზე გასვლას, თუ უფრო ხანგრძლივად‼️

ბავშვს სძინავს და ფიქრობთ, არ გააღვიძებთ, ჩაკეტავთ ავტომობილს და მალე დაბრუნდებით, ან არასრულწლოვანი მოზრდილია, მას ეუბნებით, რომ მალე დაბრუნდებით და ასევე კეტავთ ავტომობილს და ბავშვს ტოვებთ მარტო – ორივე შემთხვევაში საფრთხეს უქმნით ბავშვს‼️

ამერიკის შეერთებულ შტატებში, წელიწადში, საშუალოდ, 39 ბავშვი იღუპება იმის გამო, რომ მშობელმა ისინი მარტო დატოვა ავტომობილში.

ზაფხულის ცხელ დღეებში ჩაკეტილ ავტომობილში ტემპერატურა მალე იწევს მაღლა და იმაზე უფრო მაღალია შიგნით არსებული ტემპერატურა, ვიდრე გარეთ, ამან კი შესაძლოა, გამოიწვიოს სხეულის გადახურება,რამაც ფატალურ შედეგამდე მიგიყვანოთ. ასევე სახიფათოა ბავშვების დატოვება ავტომობილში მარტო, როდესაც გარეთ ცივა და ყინავს.

რა არის ბავშვთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზები, როდესაც ისინი მარტო არიან ავტომობილში:

მშობელს ავიწყდება, რომ ბავშვი ჰყავს ავტომობილში მარტო დატოვებული;
მშობელს ბავშვი რჩება ავტომობილში ისე, რომ ამის შესახებ არც ახსენდება, რომ იგი თან ჰყავდა;
ბავშვი პოულობს გასაღებს, ძრავს ავტომობილს ადგილიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობთ, თქვენ ეს არ დაგემართებათ, ფიქრობთ, როგორ უნდა დაგავიწყდეთ შვილი რომ ავტომობილში გყავთ მარტო, არის სხვა ფაქტორებიც, რომ 5 წუთზე ადრე ვერ მოახერხოთ მისვლა ავტომობილთან, ამან კი შესაძლოა, ფატალური შედეგამდე მიგიყვანოთ, არ გარისკოთ, აუცილებლად იზრუნეთ ბავშვის უსაფრთხოებაზე!

მოძრავ ავტომობილში ბავშვის ძუძუთი კვება დაუშვებელია ❌
მიუხედავად იმისა, ნელა დადიხართ თუ არა, ძუძუთი კვების დროს ბავშვი უნდა დაიჭიროთ ხელში,ეს კი გულისხმობს იმას, რომ შეჯახებისას ან მკვეთრი დამუხრუჭებისას მას ემუქრება საფრთხე. ავტომობილის მოძრაობისას ბავშვი უნდა იჯდეს მისთვის სპეციალურად შერჩეულ სამგზავრო სავარძელში‼️

ზემოაღნიშნული საფრთხის გარდა, მოძრავ ავტომობილში კიდევ უფრო დიდია ასპირაციის (ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში სითხის, საჭმლის ნაწილაკის მოხვედრა) შესაძლებლობა, რამაც ასევე შესაძლოა, ფატალურ შედეგამდე მიგიყვანოთ.

ნუ გარისკავთ! თუ პატარას შია და ჭირვეულობს, გააჩერეთ ავტომობილი უსაფრთხო ადგილზე, გამოკვებეთ და შემდეგ გააგრძელეთ გზა.

უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! 

Categories: Car Safety

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *