რამდენიმე წლის წინ თუ სამგზავრო სავარძელს თუ  არავინ იყენებდა, ახლა სულ უფრო მატულობს მშობლების რიცხვი, რომლებიც აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნივთი ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის.

მიუხედავად ამისა,პრობლემად რჩება სამგზავრო სავარძლის სწორად შერჩევა და მისი გამოყენება. ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი ინგლისურ ან რუსულ ენებზეა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ვთარგმნოთ და ყველა მშობლისთვის გასაგები ენით ვწეროთ ბლოგები მგზავრობისას ბავშვების უსაფრთხოების შესახებ, რადგან ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია ბევრ მშობელს გამოადგება, მაგრამ მნიშვნელოვანია შეძენისას კვალიფიციური რჩევების მიღება.

ხშირად მოგვმართავენ მშობლები კითხვებით, რამდენად სწორად სხედან მათი მათი შვილები სამგზავრო სავარძელში. იყო, რამდენიმე შემთხვევაც, როცა ბავშვი არასწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელში მჯდარი მგზავრობდა.

ერთ-ერთი მომხმარებელი გვწერს:

“… პრაქტიკიდან გამომდინარე იმასაც მივხვდი, რომ 9კგ-დან რომ იყიდება სავარძლები და 1 წლამდე ბავშვები უკვე განიხილებიან წონის მხრივ ამ სავარძლისთვის, მათთვის ჯერ ადრეა. პირველი ბავშვისთვის ვიყიდე ასე და რაღაც პერიოდი ვერ გამოვიყენე, რადგან აშკარად დიდი იყო სავარძელი მისთვის. “

 ასეთი შემთხვევაში აუცილებელია კონსულტანტი იყოს ინფორმირებული და დაეხმაროს მომხმარებელს სწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძლის შერჩევაში.

თუ თქვენი შვილის წონა არის 9 კგ. ან ოდნავ მეტი,  ნუ შეიძენთ 9-36 კგ. უძრავი საზურგის მქონე სამგზავრო სავარძელს. მიუხედავად მითითებული წონის კატეგორიისა, ისინი ბევრად უფროსი ბავშვებისთვის (დაახლოებით 2-3  წლიდან) არის განკუთვნილი.

რამდენად სწორ და  ამომწურავ ინფორმაციას იღებს მშობელი სამგზავრო სავარძლის შეძენისას?

ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ რამდენიმე ცნობილ სამგზავრო სავარძლების შემომტანი კომპანიის მაღაზიებსა და შოურუმებამდე მიგვიყვანა.

სწორედ აქედან იწყება ბლოგის ყველაზე საინტერესო ნაწილი.

რამდენიმე კონსულტანტს დავუსვით კითხვები სამგზავრო სავარძლების ბრენდების, ტესტირების,  დამონტაჟებისა და გამოყენების შესახებ და ვთხოვეთ სწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელი შეერჩიათ წლინახევრის, 12 კგ. წონის ბავშვისთვის. ძირითადად გვთავაზობდნენ 0-36 კგ. სამგზავრო სავარძლებს, რომლებიც მწარმოებლის მიერ მითითებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადებიდან 12 წლამდე გამოიყენება.

ეს სავარძლები საკმაოდ ძირადღირებული და მაღალი ხარისხისაა, თუმცა გირჩევთ, სწორედ იმ კატეგორიის სამგზავრო სავარძელი შეიძინოთ, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება, რადგან უკეთ მოერგება და უკეთესად უზრუნველყოფს პატარას უსაფრთხოებას.

კითხვაზე, იყო თუ არა სამგზავრო სავარძლები ტესტირებული, მივიღეთ დადებითი პასუხი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა ჩამოთვალა რომელი სტანდარტების მიხედვით ჰქონდა გავლილი ტესტირება სამგზავრო სავარძელს. გვაჩვენეს სერთიფიცირების დამადასტურებელი სტიკერები, რომლებიც ყველა ტესტირებულ სამგზავრო სავარძელს აქვს. გვითხრეს, რომ ბევრი მშობელი არ ეკითხებათ რომელი ორგანიზაციის, ან რომელი სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი აქვთ სამგზავრო სავარძელს.

როცა სწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელი ბოლოს და ბოლოს შევარჩიეთ, მისი დამონტაჟების დრო დადგა.  კითხვებზე სამონტაჟო სისტემების (ღვედისა და აისოფიქსის) შესახებ ყველა მაღაზიასა და შოურუმში ამომწურავად გვიპასუხეს.

თუ უამრავ ვიდეოს უყურეთ, სასურველი სამგზავრო სავარძლის ინსტრუქცია მოიძიეთ, მაგრამ შეძენისას მიხვდით, რომ  შეიძლება  მისი სწორად დამაგრება ვერ შეძლოთ, კონსულტანტები რამდენიმე შემომტანი კომპანიიდან ამაშიც დაგეხმარებიან, მაგრამ  არა ყველა მათგანი. ამიტომ, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია, მოძებნოთ შესაბამისი ვიდეოები და დამონტაჟებისას ან შემდეგ მოგვწეროთ, რომ გადაამოწმოთ, რამდენად უსაფრთხოდ იმგზავრებს თქვენი შვილი.

ბოლო კითხვა, რომლიც დავსვით და ბევრი მშობლისთვისაა აქტუალური  იყო – რომელი პოზიციაში უნდა დავამაგროთ სამგზავრო სავარძელი?

ახალი ევროპული რეგულაციების მიხედვით (Regulation 129 (R129) 15 თვემდე სავალდებულოა ბავშვი სამგზავრო სავარძელში იჯდეს მოძრაობის საპირისპიროდ მიმართული, სახით საბარგულისკენ, თუმცა სასურველია ამ პოზიციაში რაც შეიძლება მეტხანს დატოვოთ, რადგან კვლევების მიხედვით ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. ამ შემთხვევაში პასუხები განსხვავდებოდა,  მაგრამ  უმეტესობამ გვითხრა, რომ მხოლოდ ჩვილები უნდა მგზავრობდნენ  სახით მოძრაობის საპირისპიროდ.

საერთო შედეგი არც ისე კარგია, მაგრამ გვჯერა, თუ მშობლები დასვამენ კითხვებს, ეცოდინებათ მეტი სამგზავრო სავარძლების წარმატებული, ტესტირებული ბრენდებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ სამგზავრო სავარძლის შეძენამდე, შემომტანი კომპანიები შემოიტანენ მეტ ცნობილ, სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ტესტირებულ ავტომანქანის სავარძლებს და იმუშავებენ მომსახურების დასახვეწად.